გურამ გირგვლიანი თათია მაისურაძეს მოუწოდებს “შეცდომა გამოასწოროს” და ჩვენება მისცეს
ოლეგ მელნიკოვმა აღიარა, რომ ბრძანება თაკო სალაყაიასგან მოდიოდა, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მელნიკოვის გუშინდელი აღიარება იყო ერთ-ერთი აუცილებელი ჩვენება, რასაც 8 წლის განმავლობაში ელოდებოდა.
„მელნიკოვის გუშინდელი აღიარება იყო ერთ-ერთი აუცილებელი. ამდენი წელია ველოდებით და, როგორც იქნა, 8 – წლიანი დუმილის შემდეგ მელნიკოვმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. პირადად მან, როგორც შარდენ ბარში სუფრის ერთ-ერთმა მონაწილემ, აღიარა ის, თუ ვისგან მოდიოდა ეს ბრძანება – ბრძანება მოდიოდა სალაყაიასგან, რაზეც აქამდე, საერთოდ, ხმას არავინ არ იღებდა. სალაყაიამ პირადად მიმართა დათა ახალაიას და ახალაიამ გასცა ეს დირექტივა“, – განაცხადა სანდრო გირგვლიანის მამამ.
ამასთან, გურამ მელნიკოვს იმედი აქვს, რომ თათია მაისურაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს და სიმართლეს აღიარებს.
„თათია მასურაძე არის მონაწილე და თუ მან თავის დროზე არ თქვა რაიმე, მე მგონია, მას ახლაც შეუძლია ეს შეცდომა გამოასწოროს და ახლა მაინც აღიაროს და თქვას, რომ მან რაღაცა მაინც გაიგო. ალბათ, ახალს ვერაფერს ვერ იტყვის, მაგრამ როგორც სუფრის მონაწილე, მას შეუძლია დამატებითი ინფორმაცია თქვას“, – აღნიშნა გურამ გირგვლიანმა.
მისივე თქმით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით ქოქიაშვილმა გირგვლიანის საქმეზე საკუთარ აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ ტანსაცმელი და საბუთები ე.წ. მოდულის შენობაში დაწვეს. როგორც სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია და მომავალში კიდევ გამოიკვეთებიან საქმეში მონაწილე სხვა პირები, ისევე როგორც ვალერიან მეტრეველი და დავით ქოქიაშვილი.