ლევან იოსელიანი: გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ ვუჭერ – ეს კანონი ქვეყანაში დემოკრატიულ სტანდარტს აუარესებს
“ეს კანონი აუარესებს დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში, იძლევა საშუალებას – ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ ასეთი წესით არჩეული პროკურორი მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.
“მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონი იძლევა საშუალებას ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ამ ერთ წელს მმართველ პარტიასთან ლოიალობის ძებნას მოანდომებს, რომ შემდგომში კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს ვადა. ვისაც უნდა, რომ ასეთი უკუსვლა განვიცადოთ პროკურორის არჩევის წესთან მიმართებით, კი ბატონო, მიაჭიროს ამ ღილაკს, მაგრამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მე მექნება საშუალება, ძალიან დიდ უხერხულობას შევუქმნი ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული მმართველი გუნდის მსახური და არა დემოკრატიული წესით არჩეული ადამიანი, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე აქვს საშუალება, თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს პროკურატურაში. ერთი წელი იმისთვისაც კი არ არის საკმარისი პროკურატურაში, რომ გაერკვე რა ხდება, არათუ იქ პოლიტიკის გატარებაზე გქონდეს პრეტენზია. ერთი წელი ეს არის დრო, როდესაც ადამიანი უბრალოდ ფიქრობს, როგორი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს უწყებაში, რომ მისი მმართველობა იყოს ეფექტური. როგორ შეიძლება ერთი წლის თავზე ამ ადამიანს მოსთხოვოთ, რატომ არ იყო დამოუკიდებელი. მისი მთავარი მოტივაცია ხომ ის იქნება, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს ვადა და ვადას გაიხანგრძლივებს, თუ ,,ქართულ ოცნებასთან“ საერთო ენას გამონახავს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.