მზარდი ინფლაციის ფონზე, საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვაა

საფრანგეთში, მზარდი ინფლაციის ფონზე, ხელფასების მატების მოთხოვნით, პროფკავშირებმა ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა დაიწყეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გაფიცვა, რომელიც, პირველ ყოვლისა, გავლენას მოახდენს საჯარო სექტორებზე, როგორიცაა სკოლები და ტრანსპორტი, არის საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება და რამაც გავლენა უკვე მოახდინა საფრანგეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, შეაფერხა ბენზინგასამართი სადგურებისთვის საწვავის მიწოდება.

მეოთხე კვირის ბოლოს პროფკავშირმა CGT-მა გაფიცვისკენ TotalEnergies-ს მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობკომპანიამ 14 ოქტომბერს შეთანხმება სხვა პროფკავშირთან გააფორმა და რაც 7%-ით ხელფასებისა და ბონუსების ზრდას გულისხმობს. CGT კი, კომპანიის მაღალი მოგებიდან და მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე, 10%-იან მატებას ითხოვს.

გაფიცვა ენერგეტიკის სექტორის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა, მათ შორის, ბირთვულ გიგანტ EDF-ზე, სადაც ევროპის ენერგომომარაგებისთვის კრიტიკული რემონტი გადაიდება.

17 ოქტომბერს პროფკავშირის FNME-CGT-ის სპიკერმა განაცხადა, რომ გაფიცვამ გავლენა მოახდინა 10 ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც გამოიწვია 13 რეაქტორის მომსახურების შეფერხება და საფრანგეთის ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 2,2 გიგავატით შეამცირა.

ასევე, მოსალოდნელია სერიოზული შეფერხებები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძოდ, Eurostar-ის მუშაობაში, რომელიც უზრუნველყოფს სამგზავრო მატარებლების და საგარეუბნო მატარებლების მუშაობას, ასევე, პარიზის მეტროს.

დღევანდელი გაფიცვისკენ მოუწოდეს ასევე საჯარო მოხელეთა პროფკავშირებმაც. ამიტომ, სკოლებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების მუშაობაში შეფერხებებია მოსალოდნელი.

17 ოქტომბერს პარიზში ფასების ზრდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც ჟან-ლუკ მელენშონის ულტრამემარცხენე “უძლეველი საფრანგეთის” პარტიის, მწვანეებისა და სოციალისტების მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები