ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ
“ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ”,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.
“ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა”,- ნათქვამია განცხადებაში.