საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, 2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა თანასწორობის კონსტიტუციური დებულება. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

„კონსტიტუციური დებულების იმპლემენტაციის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, რეალური გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისკენ მიმართული ვალდებულება ცხადად აისახოს იმ სახელმწიფო უწყების უფლებამოსილებაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი სუბიექტი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ამ ეტაპზეც ახორციელებს De Facto გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებას, თუმცა კანონისმიერი საფუძვლის მიცემა ცხადსა და განჭვრეტას გახდის საბჭოს საქმიანობას. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის რეალიზებას, კერძოდ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ აღნიშნული, გარდა ქალსა და მამაკაცს შორის De jure თანასწორობისა, ორიენტირებული იყოს De Facto უთანასწორობის აღმოფხვრაზე.

შესაბამისი ცვლილება პარლამენტის რეგლამენტშიც შედის, რამდენადაც რეგლამენტი ადგენს, რომ პარლამენტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები