“ირანთან ვმუშაობთ, რომ შეწყვიტოს რუსეთისთვის დრონების გადაცემა” – დავით არახამია
უკრაინის საპარლამენტო მმართველი ფრაქციის – “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინა ირანთან დიპლომატიური არხებით მუშაობს, რათა რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების Shahed-136-ის გადაცემა შეწყდეს.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“კამიკაძე-დრონების საშუალებით რუსეთმა მიაღწია შემდეგს: კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთრი სახელმწიფოს ტერორისტული ბუნება; კიდევ ერთხელ შეახსენა მთელ მსოფლიოს, ვისთან გვაქვს საქმე; იარაღის მიწოდების დასაჩქარებლად დამატებითი არგუმენტები მოგვცა და ეს ყველაფერი მათ დამარცხებას მხოლოდ დააჩქარებს. თუმცა, მაინც ვერ მიხვდნენ, რომ ტერორით ომს ვერ მოიგებ. ამით მხოლოდ იმატებ პრობლემებს. რაც შეეხება ირანს, ჩვენ უკვე ვმუშაობთ დიპლომატიური არხებით მეზობელ ქვეყნებთან, რათა შევაჩეროთ ყველა არსებული ლოგისტიკური დერეფანი”, – დაწერა არახამიამ.
რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ირანულ კამიკაძე-დრონებს – Shahed-136-ს იყენებს
მხოლოდ ბოლო ერთ ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა 26 ასეთი დრონი ჩამოაგდეს.
დღეს დილით კი ოკუპანტებმა კიევი Shahed-136-ის გამოყენებით დაბომბეს. გაშვებულია 4 ასეთი აპარატი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნანგრევებიდან დაღუპული ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.