ხაინდრავა: გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთი თაკო სალაყაიაა, შემსრულებელი კი დათა ახალაია
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის უშუალო შემკვეთი არის თაკო სალაყაია, – აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ის, რაც მელნიკოვმა აღიარა, ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის.
„ რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას, ერთი-ერთში გვაქვს რამდენიმე წლის წინ გაჟღერებული პრესკონფერენციებზე, ცალკეულ წერილებში და სხვადასხვა გადაცემებში. ეს იყო შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სანდრო გირგვლიანი იყო ამ საზოგადოების წევრი. გაკეთდა ყველაფერი, რომ ეს საზარელი დანაშაული დაბრალებოდა ჯერ სხვებს და მერე დამალულიყო. ის, რომ ამას წყვეტდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაია, თავიდანვე ნათელი იყო. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის უშუალო შემკვეთი არის თაკო სალაყაია, უშუალო შემსრუებელი და მბრძანებელი კი დათა ახალაია”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.