რა ვიცით ლაშა ფურცხვანიძესა და მის კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარა

13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთი კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
ტრაგიკულ შემთხვევას, რამაც მთელი საქართველო შეძრა, შსს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით იძიებს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს, ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე დასრულდა და საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სამუშაოები 1 წლის განმავლობაში ტარდებოდა. როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანია და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ამტკიცებს, უსაფრთხოების ზომები სრულად იყო გათვალისწინებული.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, 2021 წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.

ტენდერში გაიმარჯვა კომპანია შპს „გრინსერვის+“-მა და მასთან 12 979 867 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც თანხის 49% უკვე გადახდილია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაუტარდა. კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოების შესასრულებლად, „გრინსერვის+“-ის კონტრაქტორი შპს ,,ჯორჯიან იუნიონია“.

მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, „გრინსერვის+“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 33-33%-იან წილს ფლობენ ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი – ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე – კობა ხარშილაძე, 34%-იან წილს კი – ტარიელ კიკნაძე. „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პლატფორმა „ტენდერის მონიტორის“ მიხედვით, კომპანია “გრინსერვის+” სახელმწიფო შესყიდვებში 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს და მიმდინარე წლის 9 აგვისტომდე 73 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. ასევე, მონაწილეობა მიიღო 44 გამარტივებულ შესყიდვაში, რომელთა ჯამური ღირებულება 619 ათას ლარს შეადგენდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების რაოდენობით თბილისის მერია ლიდერობს, რომელსაც, ჯამურად, 80 შესყიდვა აქვს განხორციელებული.

კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, „გრინსერვის+“-მა შემდეგი პროექტები განახორციელა: პარლამენტის შენობის წინ მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები, მზიურის პარკის რეაბილიტაცია, მრგვალი ბაღის განახლების სამუშაოები, ავლაბრის ვერტიკალური კედელი, დიდ დიღომში ანბანის სკვერი და სხვა.

ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლისა და ყოფილი მოადგილის სახელს კიდევ ერთი კომპანია „გრინსერვისი“ უკავშირდება:

2013 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი, ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ, მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქციურად დააფუძნა შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ:
„ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები – ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს „გრინსერვისი” ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი“.

საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ 2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა – ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ – მას შემდეგ, რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქციური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის, 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წელს წერდა, ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2012 წელს თინა ხიდაშელმა “კვირის პალიტრას” ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც “ქართული ოცნების” მაშინდელი წევრი თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავასა და ლაშა ფურცხვანიძის კავშირზე საუბრობს. ხიდაშელი ამბობს, რომ ისინი მეგობრები არიან და უგულავა ფურცხვანიძეს ლობირებს. პოლიტიკოსი სწორედ ამას უკავშირებდა ფურცხვანიძის კომპანიის გამარჯვებებს მერიის ტენდერებში:

იცით, ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლა როდის დავიწყე? სწორედ მაშინ, როდესაც ახალი ესტაკადა გაკეთდა და მასზე დამონტაჟებულ-გადმოკიდებული ყვავილებიანი ქოთნები ვიხილე. თურმე, მთელი ეს ჩონჩხი – ყვავილები ქოთნებიანად ნახევარი მილიონი ღირებულა. კვალს მივდიე და კომპანიის შექმნის თარიღით, დამფუძნებლებით, წლიური ბრუნვითა და სხვა ინფორმაციით დავინტერესდი. დავადგინე, რომ მასთან სახელმწიფოს 146 კონტრაქტი ჰქონია გაფორმებული. თბილისისა და ბათუმის გამწვანება მთლიანად ამ კომპანიას ჰქონია მინდობილი. მასშტაბურ ტენდერებს მხოლოდ “გრინსერვისი” იგებდა – მაშინ, როცა იმავე პროფილით საქმიანობის უფლება 78 კომპანიას აქვს. “გრინსერვისის” წლიური ბრუნვა უკვე მრავალმილიონიანი იყო. მას კიდევ 1.800.000-იანი ტენდერები (სამი ტენდერი) უნდა მოეგო, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების წინ ეს ვიღაცამ პოლიტიკურად წამგებიანად ჩათვალა. თავდაპირველად, მერიის გამოცხადებული ტენდერებიდან (სადაც “გრინსერვისი” მონაწილეობდა) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხსნიდნენ კონკურენტ კომპანიებს. შევისწავლე სატენდერო დოკუმენტაციები, რომელთაც თავად ქალაქის მერი აწერს ხელს, – ისინი ერთმანეთის იდენტურია (ქალაქის მერი ერთსა და იმავე სამუშაოზე პერიოდულად აცხადებს ტენდერს და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე კომპანიას აცხადებს გამარჯვებულად). რა გამოდის? იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ცუდად არის შესრულებული და მერია იმავე სამუშაოს შესრულებაზე ახალ ტენდერს აცხადებს, იგივე კომპანია, რომელმაც ცუდად იმუშავა, ტენდერს როგორ იგებს?! ხშირად ტენდერების შემდეგ არავითარი საქმე არ სრულდებოდა (იმ მარტივი მიზეზით, რომ უკვე შესრულებული იყო). ამას ე. წ. ატკატსაც კი ვერ დავარქმევ, რაც ვიღაცისთვის ფულის გაყოფას, უკან დაბრუნებას ნიშნავს. მილიონობით ლარი უბრალოდ ქრებოდა ბიუჯეტიდან. ბათუმის ბულვარით დაწყებული და თბილისის აეროპორტის ტრასით დამთავრებული, გამწვანების ყველა ძვირად ღირებული სამუშაო “გრინსერვისის” შესრულებულია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ფურცხვანიძისა და ხარშილაძის კაბინეტებში (ძველი თბილისის გამგებლისა და მოადგილის პოსტებზე ყოფნისას) მოსასმენი აპარატურები იპოვეს. უგულავამ ისინი თანამდებობებიდანაც მალევე გაათავისუფლა, თუმცა, საზოგადოების თვალის ასახვევად. იმხანად სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებაზე იყო ლაპარაკი და, როგორც ჩანს, გიგი უგულავა იძულებული გახდა, მერაბიშვილთან ურთიერთობა აღარ გაემწვავებინა. რამდენიმე დღეში ხარშილაძე და ფურცხვანიძე “გრინსერვისის” 50-50%-იანი წილის მფლობელები გახდნენ და ტენდერები ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს”, – ამბობდა თინა ხიდაშელი.

სწორედ ლაშა ფურცხვანიძისა და კობა ხარშილაძის სახელს უკავშირდება ის კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აწარმოა.
ის, თუ რა გახდა მიზეზი თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა, რა დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი შადრევანში გამავალმა დენმა იმსხვერპლა, მისი ორი მეგობრის სიცოცხლეს კი საფრთხე შეექმნა, გამოძიების კომპეტენციაა. პოლიცია უკვე 22 საათზე მეტია, საქმესთან კავშირში მყოფ პირებს კითხავს, მათ შორის, ფურცხვანიძესა და ხარშილაძესაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები