ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ წუთებში, გამომძიებლები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს კითხავენ.
როგორც გიგაშვილი აცხადებს, ვაკის პარკში შადრევნის ჩაბარება ექსპერტიზის საფუძველზე მოხდა. მისივე თქმით, შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული პოლიციაში. აღნიშნული შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო რამდენჯერმე. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ, ექსპერტიზა კი აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ყველაფერი ჩაბარებულია ექსპერტიზის საფუძველზე“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებიც. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.