ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო საკითხების ფართო სპექტრი. მხარეებმა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტებსა და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
“ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები, მისი გაღრმავების შესაძლებლობები. მათ კითხვები ჰქონდათ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ზოგადად, რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის აგრესია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ზოგადად, რეგიონზე.
ასევე ისინი დაინტერესდნენ, საქართველოს როლით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტით, გავაცანით ჩვენი ხედვა მშვიდობიანი კავკასიის თაობაზე. საუბარი იყო ასევე ვაჭრობის საკითხებზე, შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრი – ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.