გიორგი კაკაურიძე – ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს შესაძლო კავშირზე: ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე თავი უნდა ვიმართლო?! – არ ყოფილა მსგავსი ფაქტი

საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია. თუ ეს სპეკულაციაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ, მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა.

კაკაურიძის თქმით, ის არ არის ვალდებული, ოკუპანტის უარგუმენტო ბრალდებებს უპასუხოს.

“კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ, ყველა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის, როგორც ევროკავშირის, ასევე, აშშ-ის მხრიდან მუდმივ რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით – საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეუძლია, ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო?! ასე ფიქრობთ? თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, დანარჩენი თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია მათ ნაცვლად ვისაუბრო, მე არ მაქვს არც ამის უფლებამოსილება. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის და არც ჩემი კომპეტენციაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილში კომენტარი მე გავაკეთო, არ არის ჩემგან სწორი და არ გავაკეთებ,”- განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან კავშირი უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები