ირაკლი ღარიბაშვილი: “დიდგორი ჩვენი წარსული და ხვალინდელი დღეა“
ეს ველი, სადაც ახლა ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ერთიანი, ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს აშენებაა.
“ეს ველი, სადაც ახლა ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა. 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა ურიცხვ მტერზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში “ძლევაი საკვირველის” სახელით შევიდა. დიდგორის ბრძოლა ქართული თავდადების, შემართების, თავგანწირვის ნათელი მაგალითია. ეს ველი ცოცხალი ძეგლია უდიდესი სახელმწიფოებრივი, ეროვნული პასუხისმგებლობის და სწორი სტრატეგიის, რაც დღესაც, საუკუნეების შემდეგაც სანიმუშოა. დიდგორის ომში გამარჯვებამ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ჩვენ დღესაც ვიბრძვით ამ სტატუსის განმტკიცებისთვის. ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ დიდგორი ჯერ არ დასრულებულა. დიახ, მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი ჩვენი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. დიდგორის ბრძოლა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ქართველი ერი, წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის, ამ ველზე დაღუპული მებრძოლების შთამომავლებს, დღესაც გვმართებს შეუპოვრობა და თავდადება, დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და ძვირფასი ერის წინაშე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხის იმედები აუცილებლად გავამართლოთ. დიდგორი ჩვენი წარსული და ხვალინდელი დღეა”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ “დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში და ის ნებისმიერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა”.