“მელნიკოვმა ცრუ ჩვენება მისცა, რის სანაცვლოდაც მას მცირე სასჯელს დაჰპირდნენ”
დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, ოლეგ მელნიკოვმა ცრუ ჩვენება მისცა, რის სანაცვლოდაც მას მცირე სასჯელს დაჰპირდნენ.
„მელნიკოვის ჩვენებას არაფერი თავდაყირა არ დაუყენებია. მელნიკოვმა მისცა ცრუ ჩვენება. მის მიმართ საქართველოს პროკურატურა თვეების განმავლობაში ახორციელებდა უპრეცედენტო ზეწოლას და საბოლოოდ მცირე სასჯელის დაპირებით დაითანხმეს, მიეცა ცრუ ჩვენება. მელნიკოვთან ციხეში შედიოდნენ პროკურორები, ჰქონდათ სხვადასხვა სახის საუბრები, შეთავაზებები და, როგორც ჩანს, ზეწოლამ, მცირე სასჯელის დაპირებამ შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისაცა. იგი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.