პირობით ვადამდე კიდევ ერთი არასრულწლოვანი გათავისუფლდა
ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე კიდევ ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ არასრულწლოვანს და მის გათავისუფლებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. სხდომაზე, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად არასრულწლოვანის ადვოკატიც ესწრებოდა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა მსჯავრდებულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინეს. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ გაითვალისწინა როგორც დანაშაულის ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა, მისი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილი დანაშაულისადმი და ოჯახური მდგომარეობა, ისე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა/ქცევა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა.
ზეპირი გასაუბრების შედეგად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებულმა დამატებითმა ინფორმაციამ საბჭოს წევრებს შესაძლებლობა მისცა, ინდივიდუალურად შეეფასებინათ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები. დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან გაიცა რეკომენდაციები მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, დანაშაულის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც მომავალში პრობაციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდება.