ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს
ნდობის ჯგუფის სხდომაზე, ნდობის ჯგუფის წევრებმა და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის ძალების, დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა 2023 წლის სახელმწიფოს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის არასაჯარო ნაწილი განიხილეს.
„ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის არასაჯარო ნაწილი განვიხილეთ. საუბარია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების ბიუჯეტის საიდუმლო ნაწილზე. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები, 2022 წელთან შედარებით გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ხაზგასმით ადასტურებს თუ რაოდენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომატებული საფრთხეების საპასუხოდ. დისკუსიის ფორმატში ისეთ დეტალებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი და ეროვნული უსაფრთხოებითი შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას უკავშირდება”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.