ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ – როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენცია ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის ორგანიზებით და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი. კონფერენციის განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა დემოკრატიული არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, თანასწორი პოლიტიკური ჩართულობა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კანონის უზენაესობა, რელიგიური ტოლერანტობა და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში, არსებულ საკითხებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები