პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 98 ხმით, ერთხმად „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” ცვლილების პროექტი მიიღო.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 12 რეკომენდაციას შორის, ერთ-ერთი იყო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დახვეწა. ამასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც მმართველი გუნდის ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩატარდა ნორმატიული აქტების კვლევა და მიღებული შედეგები გარკვეულწილად დაედო საფუძვლად იმ ცვლილებების განხორციელებას, რაც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას ემსახურებოდა” – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის წარდგენისას.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით მთელი რიგი რეკომენდაციები მიიღო, რასაც წინ კომიტეტის მხრიდან ნორმატიული აქტების აღსრულების კვლევის ჩატარება უსწრებდა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ძირითადი საკითხები, რომლებიც საპარლამენტო კონტროლის ცალკეულ მექანიზმებს მოიცავს და რომლებსაც შეეხო ცვლილებები, არის პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირების მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხების ირგვლივ სამუშაო ჯგუფში, მიმდინარეობდა განხილვა და შემუშავებული რეკომენდაციები კომიტეტმა რეგლამენტის წარმოდგენილ პროექტში ასახა.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისი თანამდებობის პირისთვის გაგზავნის ვადა, არაუგვიანეს 3 დღისა. მომხსენებლის ინფორმაციით, პროაქტიული კონტროლის დაწესების მიზნით, შემოღებული იქნა დამატებითი მექანიზმები. ცვლილების თანახმად, ზუსტდება, რომ შესაბამისი თანამდებობის პირისგან დოკუმენტების, დასკვნებისა და სხვა საჭირო მასალების მოთხოვნის საფუძველია კომიტეტის გადაწყვეტილება.
წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, მცირდება პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა, რომელიც ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრება 10 დღით. ამასთან, ცვლილება შეეხება აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხს. მომხსენებლის ინფორმაციით, გარდა ამისა, პარლამენტის წევრის კითხვის აღსრულებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ხდება სისტემატური მონიტორინგის მექანიზმის შემოღება.

კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლამდე 5 დღით ადრე მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, მცირდება კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. გარდა აღნიშნულისა, ცვლილება შეეხება თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების საკითხს.
კანონპროექტის თანახმად, არსებული წესისგან განსხვავებით თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა შესაძლებელი იქნება მიუხედავად იმისა, თემატური მოკვლევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია ცალკეული კომიტეტის, თუ პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ. აქვე განისაზღვრება თემატური მოკვლევის საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის შემთხვევაში, მისი განხილვის პროცედურა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ცვლილება შედის ინტერპელაციის წესში. საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესსაც. კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები