შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი მიმდინარეობს

5-7 ოქტომბერს, საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ART & SOCIETY“ შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს.ფესტივალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ლექციები ქართული კარიკატურის ჟანრის, მისი განვითარების გზისა და მნიშვნელობის შესახებ; შეხვედრებს ქართველი და მოწვეული (რუმინეთი, თურქეთი) კარიკატურისტები ჩაატარებენ, რომელთაც, ქართველ შემოქმედებთან ერთად, კარიკატურის ჟანრთან დაკავშირებით, საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები დასკვნით ღონისძიებაზე გამოიფინება, სადაც წელს პირველად გაიცემა შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურული პრემია და ჯილდოს ორი ქართველი შემოქმედი მიიღებს.
მიმდინარე წლის 27 აპრილს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“. მისი მიზანი გახლდათ: საქართველოში სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის ტრადიციების აღორძინება და განვითარება, კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა-პოპულარიზაცია – მათი ნამუშევრების გამოფენა. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენდა. კულტურის სამინისტრომ სამივე განმცხადებლის („ვქმნით შარჟს“, განმახორციელებელი – ბესიკ დუღაშვილი; „ქართული კარიკატურის ბიენალე“, განმახორციელებელი – დავით თოთიბაძე; „შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ’’ART & SOCIETY“) პროექტი დააფინანსა.
აღსანიშნავია, რომ იგივე კონკურსი კულტურის სამინისტროში 2021 წელსაც ჩატარდა და მასში ერთი გამარჯვებული პროექტი „შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი“ (განმახორციელებელი – ააიპ ’’ART & SOCIETY“) გამოვლინდა. პროექტი წელსაც ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2021 წელს კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 10 000 ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში სამინისტროს ხუთმა განმცხადებელმა მიმართა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები