ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვარ, წავიდე ციხეში

   თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ, წავიდე ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი სენატორებისადმი მიმართავაში აღნიშნა. პრემიერის თქმით, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება, გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები.
„ჩვენ გვინდა იმ სტანდარტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განვსჯით მომავალ პოლიტიკურ ლიდერებს და შევქმნით სამართლიან სისტემას. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საჯარო მოხელის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისგებაში მიცემა იშვიათად ხდებოდა, – ამას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ამის თაობაზე ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული. ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს, და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი – ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები