მაისაია – ,,მობილიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხო: ცხინვალის რეგიონში მოხალისეებს იძულებით კრებენ, აფხაზეთში კი დაქირავებული მებრძოლების მოძიება მიდის”

უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკვე შეეხო. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოხალისეებს ძალით კრებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში კი დაქირავებული მებრძოლების მოძიება მიდის. ამის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია უკვე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ რეჟიმს ჩრდილო ოსეთთან ერთად ხარკი დაედო. როგორც მოგეხსენებათ, ჩეჩნეთის მმართველმა, კადიროვმა წამოაყენა ინიციატივა, რომ თითოეულ პოლიტიკურ ავტონომიას და ფედერალურ ოლქს უნდა გამოეყო 1 000 მოხალისე, სულ 85 000 მოხალისე უნდა შეკრებილიყო, რომელიც უკრაინის ოკუპაციის პროცესში მიიღებდა მონაწილეობას. ეს ხარკი განაწილდა როგორც ჩრდილო ოსეთის, ისე – ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, 700 ე.წ. მოხალისეა იძულებით შეკრებილი. როგორც სხვადასხვა წყაროდანაა ცნობილი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოხალისეებზე, ფაქტობრივად, ნადირობა მიდის. ასე რომ, ეს პროცესი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს უკვე შეეხო.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, აქ სქემა განსხვავებულია. კრემლი ადგილობრივ სეპარატისტებს ვერ აიძულებდა, რომ ხარკის დადება მოეხდინათ. მაგრამ იქ დაქირავებული მებრძოლების მოძიება მიდის, რომლებსაც საქართველოსთან ომის მაგალითზე საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ამავე დროს, საინტერესო მომენტია ის, რომ იმ აფხაზებს , რომლებსაც ორმაგი ან რუსული მოქალაქეობა აქვთ, პირდაპირ სთხოვენ, სამობილიზაციო პუნქტებში გამოცხადდნენ. ე.წ. მობილიზაციის პროცესთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასეთი სიტუაციაა.

რაც შეეხება ინალ არძინბას განცხადებებს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი, ეს კრემლის მიერ რბილი ძალის ერთ-ერთი გამოვლინებაა , რათა საქართველოზე გეოპოლიტიკური გავლენის მიმართულებით ორმაგი ბერკეტი ჰქონდეს. საქართველომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ძალის მეშვეობით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს. არძინბა ლავროვის პროტეჟეა. თანამდებობაზე მის მიერაა დასმული, ლავროვის ბრძნებებს ასრულებს“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები