რატომ არ ხსნიდა გიორგი მარგველაშვილი 1 თვე გრიფ „საიდუმლოს“?

   რატომ არ ხსნიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთი თვის განმავლობაში სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გრიფ „საიდუმლოს“? როგორც პროკურატურამ განმარტა, გამოძიების ფარგლებში, გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, რომლებსაც თავის დროზე საიდუმლო გრიფი კანონის დარღვევით ჰქონდა მინიჭებული, გრიფის მოხსნის თაობაზე ორჯერ, 12 ივლისს და 6 აგვისტოს მიმართა, თუმცა, ერთთვიანი მოლოდინის მიუხედავად, მოთხოვნილ დოკუმენტებს არც საიდუმლო გრიფი არ მოხსნია და არც უარის წერილი მოუღია გრიფის მოხსნაზე. უკვე გამოითქვა მოსაზრებები, რომ თუკი პრეზიდენტი პროკურატურის პირველი მიმართვისთანავე მიიღებდა გადაწყვეტილებას და ჯერ კიდევ 12 ივლისს მოხდებოდა გრიფის მოხსნა, სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხს პოლემიკა აღარ მოჰყვებოდა.
როგორც ცნობილია, პროკურატურა სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რადგან უწყებამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალი მტკიცებულებებით და რეალური დანაშაულებრივი გარემოებებისთვის წაუყენეს. როგორც პროკურატურა განმარტავს, სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებისთვის გრიფის მოხსნის თაობაზე 8 აგვისტოს პროკურატურის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა შედეგი არც ამ შეხვედრას არ ჰქონია და პასუხი პროკურატურის მიმართვაზე კვლავ ვერ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ 8 აგვისტოს საღამოს, მას შემდეგ მოხსნა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრიფის მოხსნის თაობაზე წერილი იყო გაგზავნილი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და გრიფი „საიდუმლო“ იყო მინიჭებული არასწორად. აღნიშნული დოკუმენტებისთვის გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის თაობაზე პრეზიდენტის თანხმობის მიღებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ გამოყენების თაობაზე საქმე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები