ცესკო: სენაკში შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე პრე-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

“სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. სამივე საარჩევნო უბანზე განთავსებულია ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს, შესაბამისად ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც. ასევე განხორციელდება დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე საათზე გაიხსნა. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

მთელი დღის მანძილზე გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ”, – თქვა იოსელიანმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები