გიორგი ცუცქირიძე: მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა

ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

„საქართველოს ეკონომიკა ამ წელსაც აჩვენებს ზრდის მაღალ დინამიკას. 2022 წლის აგვისტოშიც გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და ეკონომიკურმა ზრდამ 10.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო წლიური ზრდა 10.3%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაღალი ბაზისური ეფექტის მიუხედავად, როდესაც წინა წლის აგვისტოშიც ეკონომიკური ზრდის მაღალი (10.3%-იანი) დონე დაფიქსირდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის პირველ 3 კვარტალში 9 %-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო სექტემბერში ზრდის მაჩვენებელი 6. 9 % -იყო, მიმდინარე წლის პირველ 3 კვარტალშიც სავარაუდოდ, ანალოგიური ზრდის დონე გვექნება.
ამის მანიშნებელია აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 23.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 92.4 პროცენტით მეტია 2021 წლის აგვისტოს თვის მონაცემზე.
აღსანიშნავია, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც.
დარგობლივ ჭრილში 2022 წლის აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განთავსების საშუალებებითა და საკვების მიწოდების საქმიანობების, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
ამასთან, ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდამ.
2022 წლის აგვისტოში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და პირველ რიგში ექსპორტის 40.4%-ით ზრდა, რამაც 470.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და არა თუ გასული წლის, არამედ თვით პანდემიამდელ – 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც კი 26.7%-ით გადააჭარბა და 522.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
2022 წლის აგვისტოში კვლავ მზარდი იყო ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც 63.1 პროცენტით გაიზარდა და 334.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა“ – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის და მიმდინარე პოზიტიური ტენდენციების ფონზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს.

„მსოფლიო ბანკმა ჯერ კიდევ მაისში საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3 პროცენტული პუნქტით 5,5%-მდე გაზარდა მარტში ნავარაუდევი 2,5%-ის ნაცვლად, კიდევ ერთმა მეტად ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „აზიის განვითარების ბანკმა“ სექტემბერში 7 %-მდე გაზარდა, აპრილის 3.5 % -დან, ხოლო წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ განახლებული შეფასების მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია.
გაზრდილია მთავრობის პროგნოზიც 9 %-მდე, რაც, პირველ რიგში, უკვე აისახა ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებში, რაც ბიზნესის მხარდამჭერი, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდასთან ერთად, მაღალი ზრდის დადებითი ეფექტის მახასიათებელია.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის მდგრადობას გასული წლების განმავლობაში.
შარშანდელ წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, მათ შორის პირველ ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაოთხმაგებული მოცულობა, ხოლო აგვისტოდან მოყოლებული ინფლაციის შემცირების ტენდენციები, საწვავზე და ხორბალზე ფასების შემცირება ნათლად მიანიშნებს, რომ გაზრდილი საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს რა მდგრადობას, ჩვენი შეფასებით მიმდინარე წელსაც ორნიშნა ზრდის 10.5 %-იანი მაჩვენებლით დაასრულებს.
ქვეყანაში სტაბილიზაციის შეუქცევადობასთან ერთად, მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას“, – აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები