საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ვირტუალური აქტივებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებზე მოხსენებით წარდგა

თბილისში მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციაზე საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ვირტუალური აქტივებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებზე მოხსენებით წარდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე ბაკურ აბულაძემ სიტყვით გამოსვლისას სისხლის სამართლის სფეროში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი თემები მიმოიხილა, როგორიცაა – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია; პროკურორის როლი ეროვნული რისკის იდენტიფიცირების პროცესში; ვირტუალური აქტივებიდან მომდინარე საფრთხეები და სირთულეები, რომლებსაც სამართალდამცავი უწყებები აწყდებიან. ბაკურ აბულაძემ დეტალურად განიხილა ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ბრძოლის საკითხები და აღნიშნა, რომ ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა სამართალდამცავი უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ასევე მან ეროვნული რისკის იდენტიფიცირების პროცესში პროკურორის როლზე ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ეროვნული სისტემის ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტმა მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს რისკის სწორად შეფასების მნიშვნელობას და მის გავლენას საბოლოო შედეგის ეფექტიანობის ზრდის ნაწილში” – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ პრეზენტაციის ნაწილში ვირტუალური აქტივებიდან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა სწორად შეაფასონ საფრთხეები და განიხილონ ის, როგორც ახალი მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უკანონო თანხების სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუწვდომელ ადგილას გადატანის და შენახვის, ასევე მოქნილი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ბაკურ აბულაძემ კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის გამოცდილება გაუზიარა და განაცხადა, რომ გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურამ შეიმუშავა ეფექტიანი მექანიზმები, რომელიც მოქნილია ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების პროცესში და ამავდროულად განახორციელა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა სპეციალიზაცია, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეხდინათ დროული და ეფექტიანი რეაგირება ვირტუალური აქტივების მოძიებისა და ამოღების მიმართულებით. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2022 წელს ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელშიც განხილულია ის საუკეთესო პრაქტიკები, რაც პროკურორებს და გამომძიებლებს დაეხმარება სათანადო პროცედურების დაცვით, მიჰყვნენ ვირტუალური აქტივების კვალს და ეფექტიანად ამოიღონ მესამე პირების მფლობელობაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივები.
ბაკურ აბულაძემ ხაზი გაუსვა ურთიერთდახმარების მიმართულებით სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და განაცხადა, რომ აღნიშნულის ნათელი მაგალითია საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანსაც საერთაშორისო თანამშრომლობის სწრაფი, ეფექტიანი და მოქნილი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენდა, რომლებიც სრულყოფილად პასუხობს საერთაშორისო, მათ შორის FATF-ის რეკომენდაციებით დადგენილ სტანდარტებს.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, პრაქტიკაში საქართველოს პროკურატურა იყენებს საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალფეროვან მექანიზმებს, როგორებიცაა თანამშრომლობა – სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფარგლებში, საპოლიციო თანამშრომლობის არხების გამოყენებით, ქონების ჩამორთმევის ოფისების ქსელი CARIN-ის და FMS-ების ურთიერთთანამშრომლობის ქსელის მეშვეობით, ასევე უცხო ქვეყანაში არსებული მეკავშირე პროკურორების, მათ შორის ,,ევროჯასტში” საქართველოს მეკავშირე პროკურორების მეშვეობით და რაც ყველაზე მთავარია – თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან პირადი კონტაქტების გამოყენებით.

„აღნიშნული კონფერენციაც შესანიშნავი შესაძლებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის გავუზიაროთ ჩვენი ქვეყნების გამოცდილება, ასევე შევიძინოთ პირადი კონტაქტები და გავაძლიეროთ ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს უწყებებს შორის” – განაცხადა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ბაკურ აბულაძემ.
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისთვის სისხლის სამართლის სფეროში არსებულ საკითხებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები