გიორგი მარგველაშვილი სამხედრო ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სამხედრო ექიმების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტერიტორიაზე საველე სწავლებას დაესწრო.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი პროფესიაა.
“დღეს არის სამხედრო მედიცინეს დღე. მე ყველა სამხედრო ექიმს ვულოცავ ამ დღეს. ჩვენ დავესწარით საველე სწავლებას და ვნახეთ, როგორც ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობენ ჩვენი ექიმები საველე პირობებში. ზოგადად, ექიმობა არის ერთ-ერთი ჰუმანური, პატივსაცემი პროფესია და ექიმობა ბრძოლის ველზე, როცა შენს თანამებრძოლებთან ერთად გაქვს გადაწყვეტილება მისაღები, შენი მეგობრები გყავს გადასარჩენი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი პროფესიაა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ სამხედრო ექიმებს დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი მათ სამსახურისთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საველე სწავლებას პრეზიდენტთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
“ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას სამხედრო ექიმის დღეს. ისინი მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამედიცინო სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს – ისინი სამოქალაქო პროექტებშიც არიან ჩართული. სამხედრო ექიმობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაყი ვარ, რომ ჩემი კოლეგები ასე წარმატებულად საქმიანობენ”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, არაშენდას დასახლებაში საველე სწავლება “სამედიცინო მხარდაჭერა” საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო ექიმების გადამზადებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექცევა.
“მებრძოლის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უკავია დროულ სამედიცინო დახმარებას. საქართველოში ბოლო დროს არსებული კონფლიქტის გამო ძალიან კარგი სამხედრო ექიმები გვყავს. ყველა მათგანს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ვუსურვებ, რომ ნაკლებად დასჭირდეთ თავიანთი პროფესიის გამოყენება, თუმცა დახელოვნება აუცილებელია და მათი გადამზადება უნდა მიმდინარეობდეს ყოველდღიურად”, – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
ქართველი სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს 1992 წლიდან აღნიშნავენ.