„ვმუშაობთ დიდი ტყვიის საწარმოს გახსნაზე საქართველოში“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პოსტვ“-ის ეთერში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, 80 მილიონით გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი პარტნიორებთან ერთად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილ პროექტებს მოხმარდება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„მე არ მინდა, საზოგადოებას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ შეიარაღებას ვაკლებთ რამე სახსრებს და ამით ვაფინანსებთ სოციალურ პაკეტებს. ეს ასე არ არის. ამ 80 მილიონის ბიუჯეტში დამატებაც ზუსტად ამას ეხმაურება, რომ ზუსტად ის პროექტები, რაც დაგეგმილი გვაქვს პარტნიორებთან ერთად, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებლად, გეგმაზომიერად განვახორციელოთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შეიარაღების შესყიდვებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„გარდა იმისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა შესყიდვა იმ გადაუდებელი აუცილებელი შეიარაღების, ამ ბოლო წლებში დავასრულეთ უკვე ურთიერთობა და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმოები, რომელიც დაიწყებს შაშხანების წარმოებას, დრონების წარმოებას, ასევე ვმუშაობთ დიდი ტყვიის საწარმოს გახსნაზე საქართველოში. ჩვენ უკვე ტყვიებს ვაწარმოებთ. გავაფართოვეთ ჯავშანჟილეტების და ჯავშანჩაფხუტების საწარმო. გადავეცით 40 ერთეული შეჯავშნული ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, მაშინ როდესაც ეს მანქანები 2008 თუ 2010 წლიდან იწარმოება და არცერთი ერთეული არ მიუღია არასდროს თავდაცვის სამინისტროს. პირველ ეტაპზე 40 ერთეული გადავეცით, მას შემდეგ კიდევ გადავეცით რამდენჯერმე კავშირგაბმულობის, სამედიცინო დანიშნულების შეჯავშნული მანქანები და ეს პროცესებიც მიდის აქტიურად. გარდა ამისა, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო თუ ტანკსაწინააღმდეგო ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ ფაქტობრივად დასკვნით ფაზებში ვართ უკვე მოლაპარაკებების და ხელშეკრულების გაფორმების ყველა ამ მიმართულებით, რაც შეეხება შეიარაღებას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები