გივი მიქანაძე პროექტ „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობების” მონაწილეებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან ერთად რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ის კონკრეტული პროექტები განიხილა, რომლებიც მათი დაძლევის მიზნით ხორციელდება. საუბარი შეეხო ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებულ ბარიერებს და ახალგაზრდული სივრცეების მოწყობას რეგიონებში, სადაც ახალგაზრდებს შეკრებების, ინფორმაციების მოძიების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადამზადების საშუალება მიეცემათ.

„ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ის ინიციატივები გავაცანი, რომლებიც მათ მიმართულებებზეა ორიენტირებული. მათ ასევე ინფორმაცია მივაწოდე „საჯარო სამსახურის შესახებ” სექტემბერში ძალაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც სტაჟირება უკვე სტაჟში ითვლება და შეიძლება ანაზღაურებადიც კი იყოს, რაც კონკრეტული უწყებების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
შეხვედრაზე ასევე ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც რეგიონებში ახალგაზრდების სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზეა მიმართული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის წევრი ახალგაზრდებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში სტუმრობას დაპირდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდების უფრო მეტი შესაძლებლობების განვითარებისთვის იმსჯელებენ. პროექტი „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები” 24-27 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები