კახა კალაძე: მძიმეა დღევანდელი დღე, თუმცა, ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვა და აფხაზეთის სიყვარული გვავალდებულებს, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზ დებსა და ძმებთან
“27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა.
“მძიმეა დღევანდელი დღე, თუმცა, ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვა და საქართველოს ულამაზესი კუთხის – აფხაზეთის სიყვარული გვავალდებულებს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზ დებსა და ძმებთან, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით, ევროპული მომავლით.
საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს, ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა.
დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავა დახვრიტეს – კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი. მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი.
მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს.
ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე!”, – წერს კალაძე.