იუსტიციის სახლის კიდევ ერთი ფილიალი დაბა თიანეთში აშენდება
იუსტიციის სახლის კიდევ ერთი ფილიალი დაბა თიანეთში აშენდება. თიანეთის მოსახლეობას იუსტიციის სახლის ფილიალის პროექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თიანეთობის დღესასწაულზე პირადად წარუდგინა. სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ იუსტიციის მინისტრი თიანეთობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა გასართობ და სპორტულ ღონისძიებასაც დაესწრო. თიანეთის იუსტიციის სახლში მოსახლეობა 300-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით, უმოკლეს დროში მიიღებს. აქვე იგეგმება თანამედროვე დიზაინის ქორწინების სახლის მოწყობაც. როგორც თეა წულუკიანმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სახელმწიფო სერვისებით ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში სარგებლობა თიანეთის მოსახლეობისთვის უმოკლეს დროში გახდეს ხელმისაწვდომი.