გიორგი მუმლაძე: ნიკა მელიას ოთახში ჩემს შეჭრასა და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიამ ვიდეოკადრები გაასაჯაროოს
მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობისგან“ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სამუშაო ოთახში მისი შეჭრის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს.
“ყველაფერი დადასტურებულია! ნიკა მელიას
ოთახში ჩემს შეჭრასა და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაასაჯაროოს პარტიამ ვიდეოკადრები! რათა უფრო ღია და ნათელი იყოს ყველაფერი საზოგადოებისთვის!”, – წერს მუმლაძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.