„ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით აღიარებული გახდა და სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის გახსნის დროს განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტურ, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და მუდმივად ვითარდება. პრემიერმა გენერალურ პროკურორსა და მის გუნდს ამისთვის მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუდმივი ჩართულობა, მათი თანადგომა. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისთვის და, ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.