შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მოწვევის პარლამენტს საკმაოდ რთული დაბადების პროცესი ჰქონდა – გვახსოვს ბოიკოტიც, საბოტაჟიც და სხვა დანარჩენიც
„ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მოწვევის პარლამენტს საკმაოდ რთული დაბადების პროცესი ჰქონდა. გვახსოვს ბოიკოტიც, საბოტაჟიც და სხვა დანარჩენიც, თუმცა სწორედ ეს არის დეპუტატების წარმატება, რომლებიც ცდილობენ, აღნიშნული ატმოსფერო გაუმჯობესდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ამა თუ იმ ჯგუფს რომ ჰქონოდა არჩევანი, რა დაეთმო ან არ დაეთმო, ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო შემდეგი – თავიდანვე პოზიცია არ გვქონოდა დაფიქსირებული ამა თუ იმ საკითხზე და შეგვექმნა სამუშაო ჯგუფები, სადაც მსჯელობა იქნებოდა ყველა საკითხზე. ასევე, გვეცადა, ერთობლივად მივსულიყავით გადაწყვეტილებამდე და არა ისე, რომ ერთი მხარე იტყოდა თავის პოზიცია, მეორეს მეორე და ყოფილიყო ჭიდილი, ვინ რას დათმობდა და რამდენ სანტიმეტრს მოაკლებდა ძალიან მაღალი მოთხოვნებიდან. ამან აჩვენა, რომ ეს იყო სწორი მიდგომა. საარჩევნო ცვლილებებს ან საპარლამენტო კონტროლის ნაწილს თუ ავიღებთ, პროექტები უკვე დაინიცირებულია და სამუშაო ჯგუფი კონსენსუსამდე მივიდა. საკითხი უნდა დავსვათ არა ისე, ვინ რას დათმობს, არამედ, რა არის უკეთესი. უნდა ვიკამათოთ, რა არის უკეთესი და არა იმაზე, ვინ რას დათმობს, რადგან საქართველოში შეჯახების კონცეფცია ბევრჯერ იყო და არ მუშაობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.