სოსო არჩვაძე: ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება პურზე ფასების შემცირების პროცესს საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადი და დინამიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობად აქცევს

მსოფლიო ბაზარზე ბოლო პერიოდში ხორბლის ფასები იკლებს, რაც ქმნის სერიოზულ საფუძველს პურის გაიაფებისათვის და ამ მხრივ უკვე მიღწეულია პირველი წარმატებები – პურის მწარმოებლებმა პური საქართველოში უკვე გააიაფეს 10 თეთრით და თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების ტრენდს დავეყრდნობით, აღნიშნული ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეკონომისტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს და პურის ფასის გაიაფებას ეხმაურება.

“პური უპირველესი და უმნიშვნელოვანესი სამომხმარებლო დანიშნულების პროდუქტია და მასზე ფასი, ბუნებრივია, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. საქართველო, გასაგები მიზეზების გამო, მარცვლეულის და ფქვილის მსხვილი იმპორტიორია, რადგანაც ადგილობრივი წარმოება მოთხოვნილების მხოლოდ დაახლოებით 1/5-ს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ფქვილის ფასების დინამიკა ჩვენთვის სტატისტიკურ ინტერესზე გაცილებით მეტი, მაღალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია.
საბედნიეროდ, მსოფლიო ბაზარზე ბოლო პერიოდში ხორბლის ფასები იკლებს, რაც ქმნის სერიოზულ საფუძველს პურის გაიაფებისათვის და ამ მხრივ უკვე მიღწეულია პირველი წარმატებები – პურის მწარმოებლებმა პური საქართველოში უკვე გააიაფეს 10 თეთრით და თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების ტრენდს დავეყრდნობით, აღნიშნული ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.
პურზე ფასების შემცირებას, გარდა იმისა, რომ იგი უდავოდ დადებითი მოვლენაა და პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, აქვს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. კერძოდ:
ჯერ ერთი, პურის ფასების შემცირება პოზიტიურად მოქმედებს სამომხმარებლო ფასების საერთო დონესა და დინამიკაზე და მნიშვნელოვნად აჩქარებს ინფლაციის შემცირების, “დათრგუნვის” პროცესს;
მეორე, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაიაფება აჩქარებს ფქვილის იმპორტის ჩანაცვლებას ხორბლის იმპორტით, რაც საქართველოს წისქვილკომბინატებს მთელი დატვირთვით ამოქმედების შესაძლებლობას აძლევს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას;
მესამე, მოსახლეობას და ბიზნესს, პურის და ხორბლის ფასების შემცირებით მიღებული ეკონომია შეუძლიათ, წარმართონ სხვა მიმართულებით და ამით უფრო სრულად დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები. ეს კი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დამატებით იმპულსებს ანიჭებს.
გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ხელისუფლების პოლიტიკა გარე საფრთხეების ნიველირების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება პურზე ფასების შემცირების პროცესს საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადი და დინამიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობად აქცევს”, – წერს არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები