ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა კომისია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის 9 კაციანი შემადგენლობით.
კომისიამ დღეს, 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.
კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი – 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობა
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების პირობები