საქართველოში ირანის მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ირანელი ქალების მხარდამჭერი აქცია გამართეს
“ქალი, ცხოვრება, თავისუფლება!”, “არა ისლამისტურ რესპუბლიკას!”, “შეწყვიტეთ მკვლელობა, შეწყვიტეთ დედების დაპატიმრებები!” – ამ ლოზუნგებით პარლამენტის წინ საქართველოში მცხოვრებმა, ირანის მოქალაქეებმა ირანელი ქალების მხარდამჭერი აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირანში უამრავ ქალს არ სურს ჰიჯაბის ტარება. მათი თქმით, ჰიჯაბი არ არის ირანელი ხალხის კულტურა.
“ისლამურმა სახელმწიფომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ჰიჯაბის ტარება და ქალებისთვის თმების დამალვა გახდა სავალდებულო. ირანელ ხალხს არ სურს არსებული მმართველობა და თითქმის ყოველდღე გამოდიან აპროტესტებენ. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ქუჩაში გამომსვლელებს კლავენ კიდეც”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.