ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი ამბობს, რომ ნარსიას ქმედების მოტივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა
“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის ერთ-ერთი ადვოკატის, ციცინო მამულაშვილის ინფორმაციით, გრიგოლ ნარსიას მოტივი ბავშვის მკურნალობის თანხა იყო.
როგორც უფლებადამცველი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, ნარსიას თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო.
„მოტივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მისი შვილი 6 თვიდან გულის მანკითაა დაავადებული, შუნტირება აქვს გაკეთებული და ყოველ წელიწადს ჟვანიას კლინიკაში გადიოდა რეაბილიტაციურ მკურნალობას. ამისთვის არ მქონდა თანხაო. ამბობს, მძევლების აყვანა გამიზნული ნამდვილად არ მქონდაო, როცა შევედი ბანკში, გავისროლე და რაც სალაროსთან ჰქონდათ, იმ თანხის წაღება და წასვლა მინდოდაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილად არ ყოფილა. ის ბუტაფორია, გაკეთებული იყო, აღწერა კიდეც, რა შემადგენლობა იყო შიგნით. მხოლოდ იმის გამო [მქონდა], რომ შეშინებოდათო“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, გრიგოლ ნარსიას იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი დაიცავს. მანამდე, ისინი ამბობდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოტივზე არ საუბრობდა.
ნარსია ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალში გუშინ, 20 სექტემბერს შეიჭრა, მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი მოითხოვა.
სპეცოპერაცია 9 საათს გაგრძელდა და პოლიციამ მძევლები უვნებლად გაათავისუფლა, თავდამსხმელი კი დააკავა.