იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები ახლებურად მოწესრიგდება.

კანონპროექტით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა შეიძლება დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, ამასთანავე, ასეთ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა. ამ შემთხვევებში ყადაღა გამოიყენება: ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად;
ბ) ქონებას განადგურებისგან ან დაზიანებისგან დასაცავად;
გ) ქონების გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად;
დ) სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

ცვლილებების თანახმად, თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობის აკრძალვაც მოხდება. პროექტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადება ორ ეტაპად განხორციელდება, კანონპროექტის პირველად ვერსიაში მითითებული სამი ეტაპისა. თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა 12 თვე იქნება. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ოთხ ეტაპად განხორციელდება, კანონპროექტის პირველად ვერსიაში მითითებული ხუთი ეტაპისა.

თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვე იქნება. კანონპროექტის მიხედვით, თუ პროკურატურას კანონში ცვლილებების მიღებამდე უკვე დაყადაღებული აქვს ქონება, კანონის ამოქმედებიდან ოთხი თვის ვადაში პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს ყადაღის 12 თვის ვადით გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, პროკურატურას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს ყადაღის 12 თვის ვადით გახანგრძლივების თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ფრიდონ ინჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები