ილია მეორემ რწმენის ძალაზე იქადაგა და კონკრეტული მაგალითი დაასახელა

„იმისთვის, რომ ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს, საჭიროა რწმენა და საქმე“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ქადაგებისას ბრძანა.

“ყოველი ადამიანი ეს არის უნიკალური ქმნილება ღვთისა, ეს არის მოვლენა, უდიდესი სასწაული. ყოველი ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისაკენ. მაცხოვარი ამბობს: “იყავით სრულყოფილნნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს”. როგორ მივაღწიოთ ჩვენ ამ სრულყოფას? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა – ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათეს სახარებაში აღწერილია, რომ მოციქულები ზღვაში ნავით იმყოფებოდნენ. მათ დაინახეს, მაცხოვარი წყალზე ისე მოდიოდა, როგორც დედამიწაზე. ეს იყო უდიდესი სასწაული. ამას ხედავდა ყველა. პეტრე მოციქული ეუბნება უფალს: “უფალო, მიბრძანე, რომ მეც გამოვიარო წყალზე”. მაცხოვარმა – “მოდიო”, გაირა, დაკარგა რწმენა და შეშინდა. შიშის შედეგად დაიწყო ჩაძირვა. აი, როგორი ძალა აქვს რწმენას. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს, მაგრამ მოციქული იაკობი ამბობს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ საჭიროა სარწმუნოება და საქმე. როგორ მივაღწიოთ სრულყოფას? რა გზას დავადგეთ იმისათვის, რომ სრულყოფილნი ვიყოთ? – რომ დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, ლოცვა და მარხვა. საჭიროა განათლება და ცოდნა”, – განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქმა ბრძანა, რომ 14 აგვისტოს იწყება მარიამობის მარხვა და მრევლს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სულიერად გაუძლონ “იმ სიმძიმეებს, დაწოლას, არაწმინდა საქმეებს, რომელიც გარშემო ტრიალებს”. მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები