ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიმართებაში არანაირი შერბილებული ტონი არ არსებობს
საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამოკვეთილად ყველაზე მკაცრი ფორმა აქვს – აღნიშნული განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა “მოამბის” ღია ეთერში განაცხადა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რუსეთთან მიმართებაში არანაირი შერბილებული ტონი არ არსებობს და გაუგებარია, რატომ ისმის ამგვარად ეს საკითხი.
“არანაირი შერბილებული ტონი არ არსებობს. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. 2008 წელს გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები ქართული მხარის ინიციატივით. ეს არის ყველაზე მკაცრი ფორმა ერთი სახელმწიფოს დამოკიდებულებისა მეორე სახელმწიფოს მიმართ. ანუ ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის არ არსებობს პრაქტიკულად აი ასეთი ოფიციალური კავშირები. ამის იქით ნუ ომს თუ გამოვუცხადებთ ერთი ქვეყანა მეორეს, თორემ ამის იქით უფრო მკაცრი ფორმა დამოკიდებულებისა არ არსებობს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია როდესაც ისმება კითხვა, რომ რაღაც ჩვენ უფრო შერბილებული ურთიერთობა გვაქვს თვითონ რუსეთთან.
აბაშიძე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის თემასაც შეეხო. “ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არა ვართ, მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჩვენმა პარლამენტმა რამდენჯერმე მიიღო ძალიან ნათელი, ძალიან მკვეთრი რეზოლუცია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული არჩევანის მხარდაჭერით“, – განაცხადა აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების თემასაც შეეხო. “თუ სანქციებს გულისხმობენ, ამ სავაჭრო-ეკონომიკურ თემას და მათთან საქართველოს მიერთებას, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების მოცულობა რუსეთთან იმდენად უმნიშვნელოა, რომ, ვფიქრობ ეს თემა ნამდვილად არ არის აქტუალური და რელევანტური”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.