მარგველაშვილი პროკურატურასთან მიმოწერაზე: კანონის უზენაესობის დაცვა ყველას მოვალეობაა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გრიფი “საიდუმლო” მიმოწერის საკითხზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. პრეზიდენტის განმარტებით, კანონის უზენაესობის დაცვა ქვეყანაში ყველას მოვალეობაა.
“ამ ეტაპზე, მე მგონი, დრო არის უკვე შეჯამება გავაკეთოთ. მორალი ამ ამბისა არის შემდეგი: თუ არ წარმოადგენს საკითხი საიდუმლოს, გრიფი “საიდუმლო” არ უნდა დაედოს. თუ წარმოადგენს საიდუმლოს, მაშინ ამის თაობაზე მასმედიასთან არ უნდა ვისუბროთ. ეს არის წესები, ქვეყანა ემყარება წესებს და წესი უნდა დაიცვას ყველამ, ამას ჰქვია კანონის უზენაესობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ წესის დაცვა ყველას ევალება.