ირაკლი კობახიძე – “ხალხის ძალაზე”: კითხვები არის ლეგიტიმური და საელჩოს შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრების, რომელშიც მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები ერთიანდებიან, საჯარო კითხვები დემოკრატიის ნაწილია.

მისი თქმით, მმართველი პარტია არ იყო და არც დღეს არის საჯაროდ კითხვების დასმის მომხრე, მაგრამ კითხვების დასმა დეპუტატების ლეგიტიმური უფლებაა.

„საუბარია ოთხ დეპუტატზე, რომლებიც ხალხმა აირჩია. ისინი სვამენ კითხვებს, რაც არის დემოკრატიის ნაწილი. კითხვები არის ლეგიტიმური და საელჩოს შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს მათი პრეროგატივაა. მე რა პასუხი უნდა მქონდეს, მე არ ვარ კითხვების ადრესატი. რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, საჯაროდ დაისვა კითხვა – ჩვენ ამის მომხრე არ ვიყავით და დღესაც არ ვართ. ძალიან მარტივად საელჩოს შეუძლია დეტალურად გაშალოს ინფორმაცია, რაზე იხარჯება ეს თანხები. ხომ დამთავრდება ამით ყველაფერი? ჩვენ საჯაროდ კითხვის დასმა შეიძლება, არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა. დასვეს კითხვები და თუ პასუხები იქნება გაცემული, საელჩოს შეუძლია დაამტკიცოს, რისთვის არის განკუთვნილი ეს თანხები“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალის” განცხადებით, საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით გამოყოფდა აშშ-ის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები