დავით ნარმანიამ გუანჯოუს დელეგაციას უმასპინძლა

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში გუანჯოუს სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები, ადგილობრივი მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შედიან. 
ვიზიტი თბილისსა და ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს შორის, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების დამყარებას ისახავს მიზნად. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალას“-ში თბილისის მერი გუანჯოუს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად თანამშრომლობის სამომავლო ფორმებზე იმსჯელა. ღონისძიების ფარგლებში, დავით ნარმანიამ გუანჯოუს დელეგაციის წევრებს ორ ქალაქს შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.
თბილისსა და გუანჯოუს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცების თაობაზე მემორანდუმი 2014 წლის 13 იანვარს გაფორმდა, რომელსაც ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და გუანჯოუს მუნიციპალიტეტის მერმა მოაწერეს. მემორანდუმი ორ ქალაქს შორის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის, განათლების, მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანული დაგეგმარების სფეროებში თანამშრომლობასა და ურთიერთობის განვითარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები