პროკურატურის მორიგი განცხადება – მიზანშეუწონლად მიგვაჩნია პრეზიდენტთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა

საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა, მით უმეტეს როდესაც აშკარაა, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებას.

“როგორც პროკურატურამ თავის გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, რომლებსაც თავის დროზე საიდუმლო გრიფი კანონის დარღვევით ჰქონდა მინიჭებული, გრიფის მოხსნის თაობაზე ორჯერ, 12 ივლისს და 6 აგვისტოს მიმართა, თუმცა ერთთვიანი მოლოდინის მიუხედავად, მოთხოვნილ დოკუმენტებს არც საიდუმლო გრიფი არ მოხსნია და არც უარის წერილი მიგვიღია გრიფის მოხსნაზე. აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 8 აგვისტოს პროკურატურის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს შორის შედგა შეხვედრა, თუმცა შედეგი არც ამ შეხვედრას არ ჰქონია და პასუხი პროკურატურის მიმართვაზე კვლავ ვერ მივიღეთ. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა, მოთხოვნილ დოკუმენტებს გრიფი საიდუმლო მხოლოდ გუშინ საღამოს, 8 აგვისტოს მოხსნა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პროკურატურა მიესალმება, რადგან საიდუმლო გრიფი მოეხსნა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად საჭირო ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. აქვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა, მით უმეტეს როდესაც აშკარაა, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები