“ქართული ოცნება” გიორგი კანდელაკზე თავდამსხმელთან კავშირს უარყოფს
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” გიორკი კანდელაკზე თავდასხმის მონაწილე პირთან კავშირს უარყოფს ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “აღნიშნული პირი არასდროს ყოფილა არც ჩვენი პარტიის წევრი და არც აქტივისტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ემიჯნება მომხდარს და მოუწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინოს. “ჩვენმა ხელისუფლებამ დაასრულა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის მანკიერი ტრადიცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იყო დამკვირდებული. პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოუწოდებს ყველა ოპონენტს, ნუ გამოიყენებენ ასეთ ინციდენტებს პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის. როგორც ვიცით, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე და დაწყებულია გამოძება. დარწმუნებული ვართ, გამოძიება დაადგენს, რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი და შესაბამისად ყველა სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის შესაბამისად”,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა წუხელ მიაყენეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის ცემას გულისხმობს. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, “ქართული ოცნების” აქტივისტი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძეა. კანდელაკს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.