ოლაფ შოლცი: კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია

კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

„რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მჭიდროდ უდგას მხარში უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ ფარგლებში. საქართველოს აქვს რუსული აგრესიის სამწუხარო გამოცდილება. 2008 წელს მას თავს დაესხნენ და ამის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის თანხები გამოყო, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მე მინდა საქართველო გავამხნევო, რომ ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ამ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები