ირინა იმერლიშვილი: რამდენადაც მივხვდი, ადგილი აქვს გაუგებრობას, რადგან სხვადასხვა რაღაცაზე საუბრობენ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა რამეზე საუბრობენ. მისი თქმით, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილის განცხადება პროკურატურამ და შსს-მ არასწორად გაიგეს და განმარტებებიც სხვადასხვაგვარი კეთდება.
„როგორც მივხვდი, პრეზიდენტის განცხადებაში საუბარი არ იყო იმ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, რომელიც თავად პრეზიდენტმაც გაასაჯაროვა, არამედ პრეზიდენტი პროკურატურასთან მის მიმოწერაზე საუბრობს. როგორც ჩანს, თვითონ ამ დოკუმენტებს ედოთ გრიფი „საიდუმლო“. თუკი ამ დოკუმენტებს ედოთ გრიფი „საიდუმლო“, ცხადია, როდესაც საიდუმლო დოკუმენტები საჯაროვდება მანამ, სანამ არ აქვთ მათ გრიფი მოხსნილი, მაშინ ეს არის კანონის დარღვევა. თუ ეს არ არის საიდუმლოს შემცველი დოკუმენტები, მაშინ რატომ ადევთ გრიფი „საიდუმლო“, ან თუ არის საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები და ადევთ გრიფი „სადუმლო“, მაშინ რატომ საჯაროვდება? მე რამდენადაც მივხვდი, ადგილი აქვს გაუგებრობას, რადგან სხვადასხვა რაღაცაზე საუბრობენ“, – განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, „რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. მარგველაშვილის განცხადებას პროკურატურასა და შსს-ში უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა.