სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი დასავლეთში ძლიერ პრორუსულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, ხოლო რუსეთში – ძლიერ პროდასავლურ სახელმწიფოდ.
აღნიშნული განცხადებით, პრემიერმა უპასუხა დეპუტატ შირაკ ტოროსიანის კითხვას – ხედავს თუ არა ის გეოპოლიტიკურ ფაქტორს აზერბაიჯანის თავდასხმის უკან.
„დიახ, არის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რადგან აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებს შემდეგ პოლიტიკას: დასავლეთს ეუბნებიან, რომ სომხეთი პრორუსული სახელმწიფოა, პრორუსული ქვეყანაა და რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთში ცდილობენ გაავრცელონ სომხეთში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის იდეა უკრაინის საკითხის ირგვლივ შექმნილი ვითარების კონტექსტში. რუსეთთან კონტაქტების დროს აზერბაიჯანი სომხეთს წარმოაჩენს, როგორც ძლიერ პროდასავლურ ქვეყანას, რომელსაც აქვს ინტენსიური ურთიერთობები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან და ცდილობს რუსეთში შექმნას წარმოდგენა, რომ შესაძლოა ღირს სომხეთის დასჯა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთსა და რუსეთში არსებობენ წრეები, რომლებსაც ეს ყოველივე მოსწონთ, თუმცა, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დონეზე ასეთი აღქმა არ არსებობს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა ბოლო პერიოდში გააძლიერა კონტაქტები როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან და აუხსნა მათ, რომ ზემოაღნიშნული ნარატივი სრულიად მცდარია.
„ნახევრად სიმართლე უფრო საშიშია, ვიდრე ტყუილი. სომხეთს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ეს ფაქტია, ამის უარყოფა არ შეიძლება. სომხეთს ინტენსიური კონტაქტები აქვს დასავლეთის ქვეყნებთან, ეს ასევე ფაქტია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, გვაქვს სტრატეგიული დიალოგი აშშ-თან. მაგრამ კონტექსტი, რომლის წარმოჩენას ცდილობს აზერბაიჯანი, არაფერ შუაშია რეალობასთან, რადგან სომხეთი არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ერთგულია თავისი ვალდებულებების მიმართ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.