თეა წულუკიანი: სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია

სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს შეცდომა და უმრავლესობასთან ერთად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულებაზე.

„რასაკვირველია, ოპოზიციას აქვს უნარი მოსმენის, როდესაც მათ მოუწოდებენ მაგალითისთვის ბრიუსელიდან, რომ მათი ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც გულისხმობდა გათიშვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესისგან, არის პოლიტიკურად მცდარი. რეალურად, კიდევ ერთხელ სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას  კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ თავიანთი ამ უპასუხისმგებლო პოზიციით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ისინი ამას მიხვდნენ, როგორც ჩანს. ასევე, მიიღეს მოწოდებები ბრიუსელიდან, რომ მათი ქცევა უპასუხისმგებლოა და ახლა ცდილობენ, ეს როგორღაც გამოასწორონ, მაგრამ დამოუკიდებლად მათი მუშაობის პერსპექტივა არ მესმის რას ნიშნავს, რადგან კანონები მუშავდება იმ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არის, როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივი პროცესით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მათ არ შერცხვებათ და იტყვიან, რომ აქამდე ხელმოცარულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, აღიარებენ საკუთარ შეცდომას ღიად ან ჩუმად და შეუერთდებიან უმრავლესობას პარლამენტში, რომ ის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს უმრავლესობასთან ერთად. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიჰყავს ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, ხედავს კიდეც და ამის მაგალითია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსჯელობის პროცესშია ან დამტკიცებულია პარლამენტში, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი, რომელზეც სათქმელი არავის არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით დესტრუქციულ რიტორიკას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები