სოზარ სუბარი: პრეზიდენტის სასახლის და პარლამენტის ნაცვლად, შეეძლოთ დევნილთა სახლები აეშენებინათ
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ დონორი ორგანიზაციების მიერ დევნილებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გახარჯა. ამის შესახებ მინისტრმა დევნილებისთვის სახლების გადაცემისას ისაუბრა.
„ისეთი ფუფუნების შენობები, როგორიცაა – პრეზიდენტის სასახლე და ქუთაისის პარლამენტის შენობა სახელმწიფო ბიუჯეტს ძალიან დიდი თანხა დაუჯდა, მათ ნაცვლად კი ხელისუფლებას შეეძლო, აეშენებინა დევნილთა სახლები და დღეს ბევრად ნაკლები უსახლკარო დევნილი გვეყოლებოდა”, – განაცხადა სუბარმა.
დღეს ფოთის ახალ რაიონში ახლად აშენებულ კორპუსებში 280-მდე დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. ბინებში შეყვანილია გაზი, წყალი და ელექტროენერგია. სამინისტროს ინფორმაციით კი, უახლოეს მომავალში კორპუსები გაზქურებით, წყლისა და გაზის გამთბობლებით აღიჭურვება.