აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ილჰამ ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღამით ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, სომხეთის ტერიტორიის დაბომბვის ჩათვლით. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ იმუშავებს საბრძოლო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. მათივე თქმით, დივერსია სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთებზე 12 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.

თავის მხრივ, სომხური მხარე თავდასხმაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეტაკებები სომხეთის საზღვართან – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით მიმდინარეობს. მხარეებს შორის ინტენსიური შეტაკებების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები